» შესაფერისი მეუღლე გყავთ? :):):)

შესაფერისი მეუღლე გყავთ? :):):)


შესაფერისი მეუღლე გყავთ? :):):)
loading...

ყველა ურთიერთობაში დგება მომენტი, როდესაც ერთხელ მაინც ვეკითხებით თავს
- ნამდვილად შესაფერისი პარტნიორი ავირჩიე?

ათწლიანი ქორწინების შემდეგ, ორი შვილის პატრონი ელიოტ კატცი ვერ იჯერებდა,
რომ განქორწინება უწევდა. პროფესიით პოლიტოლოგი, ელიოტი თავის ცოლს აბრალებდა ყველაფერს. „ის, უბრალოდ, არ აფასებდა რას ვაკეთებდი მის გასაბედნიერებლად“. ელიოტი ბავშვებს აჭმევდა, პამპერსებს უცვლიდა, აბანავებდა, წიგნებს უკითხავდა და აძინებდა კიდეც. დილას, სამსახურში წასვლამდე, საუზმესაც უმზადებდა. უფრო დიდი სახლიც იყიდა და ოჯახის რჩენა მთლიანად თავის თავზე აიღო; გვიანობამდე მუშაობდა, რომ როგორმე საკმარისი ფული ეშოვა, რომ ცოლს სახლში ყოფნის საშუალება ქონოდა.

ელიოტს ეგონა, რომ უკმაყოფილება გაქრებოდა, თუ მისი ცოლი შეიცვლებოდა. თუმცა, როდესაც საკუთარ თავთან დარჩა და თავის გოგოებთან ყოველდღიური ურთიერთობა მოაკლდა, სხვა ფიქრები მოეძალა. „აღარ მინდოდა, ოდესმე კიდევ იგივე გადამეტანა. ჩემ თავს ვეკითხებოდი, რა შემეძლო გამეკეთებინა სხვანაირად. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება წლები გავიდეს იმის ლოდინში, რომ ვიღაც შეიცვლება.“

ბოლოს დაასკვნა, რომ მართლა შეეძლო რაღაცეები სხვანაირად გაეკეთებინა - მაგალითად, მიხვდა, რომ იმდენად ცდილობდა, მოეთოკა ზედმეტი სიმკაცრე და ყველაფრის გაკონტროლების სურვილი, რომ თავის ნებაზე მიუშვა ისეთი ოჯახური საკითხებიც, სადაც წესით, მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეს ტვირთი მთლიანად ცოლს დააწვა. მიუხედავად იმისა, რომ ცოლს ძალიან ეხმარებოდა სახლის საქმეებში, მხოლოდ ახლა მიხვდა, რატომ იყო მისი ცოლი მაინც ყელამდე საქმეში, გაღიზიანებული, მარტოხელა დედასავით სულ „გადარბენაზე“ და რატომ ეგონა, რომ მთელი ოჯახის ტვირთი მის კისერზეა.

ბოლოს და ბოლოს, შეეშვა პრობლემებში ცოლის დადანაშაულებას. „მეორე ადამიანს ვერ შეცვლი. სამაგიეროდ, შენ თითონ შეგიძლია შეიცვალო.“ ელიოტი გამოგვიტყდა: „როგორც კაცების უმეტესობას ჩვენ დროში, მეც აღარ მესმოდა, რა მევალება ოჯახში, როგორც პარტნიორს“. განქორწინების შემდეგ თავით გადაეშვა სხვა ქალებთან ურთიერთობაში. ბოლოს მივიდა დასკვნამდე, რომ საკითხის ასე დაყენებით - სწორია თუ არასწორი პარტნიორი, ჩიხში შევდივართ.

ნიუ-იორკელი ფსიქოთერაპევტი კენ პეიჯი ამბობს: „რატომღაც მხოლოდ ორობითი სისტემით ვაზროვნებთ: ან სწორია ან არასწორი. ან შეგეფერება ან არ შეგეფერება. ან უნდა შეეგუო ან უნდა გაშორდე. სინამდვილეში, უბრალოდ არ ვიცით, როგორ ვიფიქროთ ურთიერთობებზე - არ გვაქვს აზროვნების საჭირო მოდელები. „ან ეს ან ის“ – ასეთი შეზღუდული აღქმა ურთიერთობებში არ გამოგვადგება.

ოჯახური თერაპევტი ბოსტონიდან, ტერასს რეალი ამბობს: „ადრე თუ გვიან, ყველა ურთიერთობაში დგება მომენტი, როცა ლოგინში გადატრიალდები, დახედავ გვერდით მწოლ ადამიანს და გაიფიქრებ, რომ საშინელი შეცდომა დაუშვი. ზოგჯერ ეს რამდენიმე თვეში ხდება, ხანდახან ამას წლები ჭირდება. ჩვენთან ამაზე არ ლაპარაკობენ ხმამაღლა, მაგრამ ყველამ მშვენივრად იცის, რომ იმედგაცრუება ჩვეულებრივი ამბავია. მე ვხვდები უამრავ ხალხს და ვესაუბრები მათ „ბუნებრივ ცოლ-ქმრულ სიძულვილზე“. ჯერ არავის უკითხავს ჩემთვის, რას ვგულისხმობ ამ ტერმინში. ეს ძალიან უხერხულ თემად ითვლება.

რა უნდა ვქნათ, როცა პირველადი მიზიდულობა ქრება? რეალი ამბობს: „მე ამას ვეძახი ნამდვილი ქორწინების პირველ დღეს. ეს არ ნიშნავს, რომ არასწორი პარტნიორი აირჩიეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გაიზარდოთ, როგორც პიროვნება და პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ უკმაყოფილებაზე. როგორც წესი, მივილტვით სრულყოფილებისკენ. ამის ნაცვლად კი, შეგვრჩება-ხოლმე კიდევ ერთი ადამიანი მთელი თავისი სისუსტეებით და არასრულყოფილებით. გვიყვარდება ის, ვინც გვგონია, რომ მოგვიშუშებს იარებს, არადა გამოდის ისე, რომ ზუსტად ამ ადამიანმა იცის, როგორ გამოგვიყვანოს-ხოლმე წყობილებიდან.

ნელ-ნელა ყალიბდება ახლებური ხედვა ურთიერთობებზე და ურთიერთობით გამოწვეულ უკმაყოფილებაზე. ჩვენზეა დამოკიდებული ისეთი ურთიერთობა გვქონდეს, როგორიც გვინდა. ოღონდ, ამისათვის ღრმად მოგვიწევს ჩახედვა საკუთარ თავში ისე, რომ თან პარტნიორსაც არ დავშორდეთ. როგორც წესი, ამას გამბედაობა ჭირდება. პეიჯი ამას ეძახის „გამათავისუფლებელ გამბედაობას“.

რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ამის ბრწყინვალე შანსი გვეძლევა ზუსტად მაშინ, როცა გრძნობები თითქოს გაცივებულია. თუ ვერ მოვახერხებთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას და, შიშების მიუხედავად, არ ამოვთქვამთ, რა გვჭირდება ყველაზე მეტად, ვერასოდეს შევიგრძნობთ ცხოვრებას მთელი გულით, ვერასოდეს დავინახავთ საკუთარ თავს მთელი სიცხადით, ყოველთვის ვიღაც სხვა იქნება დამნაშავე და ნებისმიერი პარტნიორი იქნება შეუფერებელი.

როგორ ხდება-ხოლმე ყველაფერი
რა ვქნათ, როცა გრძნობა უფერულდება

ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, შეყვარების პროცესში ითესება ტვინში მარცვალი, რომელიც ოდესმე აუცილებლად მიგვიყვანს დასკვნამდე, რომ არასწორი პარტნიორი შევარჩიეთ. ქრისტინ მეინეკე, კლინიკური ფსიქოლოგი აიოვადან, გვიხსნის: „ურთიერთობის საწყისი ეტაპს, როგორც წესი, ახასიათებს ძლიერი ლტოლვა და გიჟური, გამაბრუებელი გატაცება. ეს ძალიან გავს კოკაინით ინტოქსიკაციას. ნაწილობრივ, ამ მძაფრ შეგრძნებებს იწვევს იგივე ნეირო-ქიმიური ნივთიერებები, რომელიც ძლიერ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული. ისევე, როგორც კოკაინის კაიფი, ეს სიამოვნებაც დროებითია.

ექსპერტების მტკიცებით, ძლიერი გატაცების ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 9 თვიდან 4 წლამდე. მანამ, სანამ ეს ფაზა გრძელდება, უკლებლივ ყველა წყვილს ეჩვენება, რომ გვანან ერთმანეთს და ბევრი აქვთ საერთო, ხოლო საყვარელი ადამიანი ლამის იდეალურია. აღტაცებული ვართ, რომ მასაც ჩვენსავით უყვარს ტაილანდური სამზარეულო, მოგზაურობა და ძველი ფილმები. და იმავდროულად, არ ვიმჩნევთ, რომ იგი ძალიან ბევრ დროს უთმობს ძველ მანქანებს და ინტერნეტ-პოკერს.

ერთ დღესაც, რეალობას ვეჯახებით. მეინეკე, რომელმაც დაწერა წიგნი „ყველა ქორწინდება არასწორ ადამიანზე“ განაგრძობს: „ადრე თუ გვიან, გატაცების ფაზა მთავრდება. გრძნობა უფერულდება. ამ დროს აღმოვაჩენთ-ხოლმე ფსიქოლოგიურ შეუთავსებლობას და გვეუფლება იმედგაცრუება. მოულოდნელად, თითქოს ვიღაცამ სხვა არხზე გადაგვრთო და ახლა უკვე მხოლოდ იმასღა ვამჩნევთ, რამდენად განსხვავებულები ვყოფილვართ. ამ დროს ყურადღებას ვამახვილეთ იმაზე „რა ჭირს“ ჩვენს პარტნიორს. გვეუფლება სურვილი, როგორმე დავარწმუნოთ, რომ მან ესა თუ ის რაღაც უნდა გამოასწოროს“.

ბოლოს კი ვასკვნით, რომ არასწორ ადამიანზე დავქორწინდით. ეს იმიტომ ხდება, რომ მიჩვეული ვართ ფიქრს ზღაპრის სცენარით. კონკიასავით გვგონია, რომ „ის ერთადერთი“, „ჩვენი“ ადამიანი სადღაც არსებობს. ამ გავრცელებული მცდარი აზრის შედეგები კი სავალალოა. ამის გამო ურთიერთობის საზიანოდ ვიწყებთ ქცევას - ჩვენს უბედურებაში ვადანაშაულებთ პარტნიორს ან ფარულად ვეძებთ სხვას.

მეინეკე, სხვა სპეციალისტებთან ერთად, გვთავაზობს მივიღოთ ახალი ოჯახური პარადიგმა - „საკუთარ თავზე პასუხისმგებელი მეუღლე“. როგორც კი ვიწყებთ ბევრ ფიქრს იმაზე, რა არ მოგვწონს მეუღლეში, ესე იგი, დროა, გადავერთოთ სხვა კითხვებზე. „მეუღლიდან გადაიტანეთ ყურადღება საკუთარ თავზე და დასვით კითხვა - რატომ გავხდი უცებ ასეთი უბედური და რა უნდა ვქნა?“ დიდი ალბათობით, პარტნიორის ნაკლი აქ არაფერ შუაშია.

მეინეკეს აზრით, სიყვარული მაშინ არის მოწიფული, როცა არ ველით პარტნიორისგან,
რომ ის ადგება და გაგვაბედნიერებს. ვიცით, რომ ეს არ არის მისი მოვალეობა. თუ უბედური ვართ, გვესმის, რომ არც ეს არის პარტნიორის ბრალი და მას არ ვადანაშაულებთ. სამაგიეროდ, გააზრებული გვაქვს, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი საკუთარ მოლოდინებზე, უარყოფით ემოციებზე, კომპლექსებზე, შიშებზე, ეჭვებზე და უგუნებობაზე.

როგორც წესი, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ და მივაკვლიოთ, რომელმა მცდარმა წარმოდგენამ მოგვიყვანა აქამდე, ისეთ ფიქრებს ავყვებით-ხოლმე,
რომ პარტნიორთან განსხვავებები კიდევ უფრო ტრაგიკული და აუტანელი ხდება.

მინესოტას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი და ოჯახური თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი, უილიამ დოერტი: „ერთია ამბობდე „ნეტა, ჩემ მეუღლეს ჩემსავით უყვარდეს ხელოვნება“ ან „რა იქნება, ჩემი მეუღლე სულ ტელევიზორს არ იყოს მიჯაჭვული. ნეტა, ხანდახან მაინც გავდიოდეთ სადმე ერთად“. ასეთ რამეებს ეშველება.

სულ სხვაა, როცა ამბობ: „ეს აუტანელია. მე მჭირდება და ვიმსახურებ ადამიანს, ვინც ჩემ ძირეულ ინტერესებს გაიზიარებს“. დიდი ალბათობით, მსჯელობის ეს ორი განსხვავებული ფორმა, სხვადასხვა ქცევისკენ გვიბიძგებს. თუ მეორე ადამიანს ვთხოვთ, უფრო ხშირად წამოგვყვეს-ხოლმე სადმე, გვაქვს შანსი, რომ დავიყოლიოთ. მაგრამ თუ მას მივადგებით და მოვთხოვთ, რომ ადგეს და შეიცვალოს, საეჭვოა, რომ ეს მოთხოვნა მას ეპიტნავოს და აქედან რამე ხეირიანი გამოვიდეს, ამბობს დოერტი, ავტორი წიგნისა „დაიბრუნეთ თქვენი ქორწინება“. მისი თქმით, ვერცერთი ურთიერთობა დაგვიკმაყოფილებს ყველა მოთხოვნილებას. უბრალოდ, თავიდან ბოლომდე უნდა მივიღოთ ადამიანი, რომელიც ავირჩიეთ და რომელმაც აგვირჩია. „არავინაა უნაკლო. ეს, ასე თუ ისე, გვესმის შვილებთან ურთიერთობისას - ვიცით, რომ ბავშვებს ბევრი რამ უნდა მოვუთმინოთ. მეუღლის ნაკლი კი აუტანლად გვეჩვენება“.

უკმაყოფილებისკენ გვიბიძგებს მასობრივი კულტურაც. „სიყვარულით შეუღლებული წყვილების ურთიერთობაში რაღაც დოზით იმედგაცრუება და უკმაყოფილება სავსებით ნორმალურია, თუმცა, სამომხმარებლო კულტურამ მაქსიმალისტებად გვაქცია - მიგვაჩვია, რომ თუ რამე ბოლომდე არ მოგვწონს, არ უნდა დავყაბულდეთ, არ უნდა დავჯერდეთ, არ უნდა შევეგუოთ.

ფსიქოლოგ თომას ბრედბერის თქმით, „როცა საქმე მეუღლეს ეხება, ნაწილობრივი ვეტოს უფლება არ გვაქვს. მეუღლეს, კარგთან ერთად, კომპლექტში მოყვება ცუდიც.“

მეტისმეტად პრიმიტიული და მიამიტურია ფიქრობდე, რომ ყველაფერში დამნაშავე პარტნიორია. „როგორც წესი, მიდრეკილი ვართ, სხვას გადავაბრალოთ ყველაფერი. ზოგიერთ რამეს საერთოდ ვერ ვხედავთ ან არასწორად აღვიქვამთ. იშვიათად ვფიქრობთ - „იქნებ, ვერ ვაძლევ მეუღლეს, რაც მას ჭირდება“ ან „იქნებ, გაღიზიანებულია, იმიტომ, რომ ბოლომდე არ ვეხსნები“ ან „იქნებ, ვინმე ახლობელთან დაეძაბა ურთიერთობა და ამას განიცდის“. თუმცა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა გვეკითხა: „რას ვერ ვუკეთებთ ერთმანეთს, რაც ბედნიერებას მოგვანიჭებდა?“

ელიოტი ახლა სხვა ქალთან ცხოვრობს და სულ უფრო მეტად ფიქრობს, რომ „ქორწინებაში მთავარი ის კი არ არის, შესაფერისი მეუღლე იპოვო - არამედ, თანაცხოვრებისას ნელ-ნელა შენ თითონ გახდე შესაფერისი მეუღლე. ძალიან ბევრს გონია, რომ შეუფერებელ ადამიანზე იქორწინა. მე კი მივხვდი, რომ ქორწინების აზრი იმაშია, რომ შენ იზრდებოდე და ხდებოდე სულ უფრო კარგი ცოლი ან ქმარი“.

მოლოდინით თვალდაბნელებული
ძალიან ბევრს ხომ არ ვითხოვთ?

კოლორადოელი ცოლ-ქმარი, სარა და მარკ ჰოლდტები, თვალშისაცემად არ გვანან ერთმანეთს. სარა ამბობს: „ჩემი ქმარი რესპუბლიკელია, მე დემოკრატი. ის ქრისტიანია, მე - აგნოსტიკი. მას მწვადი და კარტოფილი არ ბეზრდება. მე უფრო ეგზოტიკური საჭმელი მიყვარს“. მარკი კვირაობით ეკლესიაში დადის და ბიბლიას სწავლობს, სარა კი ისეთ ლექციებს ესწრება, სადაც მსჯელობენ ისეთ თემებზე როგორიცაა, მაგალითად, „ღმერთი ამერიკის ისტორიაში“. „როცა მარკი სახლში ბრუნდება, ვეკითხები - „დღეს რა გაიარეთ ბიბლიიდან?“. მერე მე ვუყვები რაღაცეებს იმ დღის ლექციიდან.“

სამაგიეროდ, თუ სარას მუსიკის ფესტივალზე უნდა წასვლა და მარკს, ამ დროს, სახლში ურჩევნია დარჩეს, სარა უბრალოდ დგება და მიდის. „რა საჭიროა, ყველგან თან დამყვებოდეს. ის ჩემთან არის, როცა და სადაც ყველაზე მეტად მჭირდება - სახლში, ვახშმის დროს, ლოგინში. ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური სიახლოვე, ამიტომ, ყოველ დილას მაღვიძარას ნახევარი საათით ადრე ვაყენებთ, რომ ადრე გაგვეღვიძოს და აუჩქარებლად დავტკბეთ ჩახუტებით.“ სარა და მარკი 14 წელია ცოლ-ქმარი არიან.

იმისათვის, რომ ასეთი განსხვავებები არ იქცეს გამუდმებული კონფლიქტის წყაროდ და შეძლოთ მათთან მშვიდობიანად თანაარსებობა, საჭიროა შეგნებული ძალისხმევა და პიროვნული სიმწიფე - საკუთარი „მე“-ს ჯანსაღი და თვითკმარი შეგრძნება. ჰოლდტების წყვილი იმით გამოირჩევა, რომ საგანგებოდ უთმობენ დროს ერთმანეთისთვის იმის გაზიარებას, თუ რა ხდება მათ ცხოვრებაში - ან რა უტრიალებთ თავში - როცა ცალ-ცალკე არიან. კვლევები ცხადყოფს, რომ ემოციური კავშირის და სიახლოვის შესანარჩუნებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მეუღლეები მთელი გულისყურით უსმენდნენ ერთმანეთს და არ იზარებდნენ ინფორმაციის გაცვლას, თუნდაც რუტინულ, ყოფით თემებზე. მეტიც, ამგვარი მოსმენა და გაზიარება შეგნებულ რიტუალადაც უნდა აქციონ.

მაგალითად, ერთ პარტნიორს მოგზაურობა უყვარს, მეორეს - არა. დოერტი ამბობს: „თუ ეს მომენტი პარტნიორში გაღიზიანებთ, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე პრობლემას წააწყდებით და გაიმწარებთ თავს. თუ შეგიძლიათ ამას შეურიგდეთ, ხომ კარგი - ოღონდ, არ უნდა დაუშვათ, რომ ამით თქვენი ერთიანი სამყარო გაიხლიჩოს და ცალ-ცალკე ცხოვრებაში გადაიზარდოს.

„ასევე, სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ წრის არჩევას - მაგალითად, უნდა ეცადოთ, სამოგზაუროდ არ შემოიკრიბოთ ისეთი მეგობრები, რომლებიც, ვთქვათ, კენტად არიან და უცნობებს ადვილად ეარშიყებიან. ასეთ შემთხვევაში, ძალაუნებურად გაეხვევით ისეთ ამბებში, რომელსაც მეუღლეს თამამად ვეღარ მოუყვებით.“ ხშირ შემთხვევაში, ასეთ საგულისხმო განსხვავებებს ისედაც იმხელა უკმაყოფილება ახლავს, რომ მეუღლეები უნებურად რეაგირებენ ისეთი ფორმით, რომელიც ურთიერთობას კიდევ უფრო ძაბავს.

არსებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ როცა საქმე ურთიერთობებს ეხება, ფანტაზიის ელემენტები ქალების აღქმაში უფრო ჭარბობს.

როგორც წესი, განშორების და განქორწინების ინიციატორი შემთხვევების 2/3-ში ქალია, რომელიც კაცზე მეტად არის-ხოლმე გულაცრუებული. დოერტის თქმით, ქალები უფრო ხშირად ადარებენ მეუღლეებს და მეგობრებს, ვიდრე კაცები.

როგორც წესი, ქალებს უფრო აქვთ წინასწარ წარმოდგენილი როგორი უნდა იყოს ურთიერთობა. ქალები უფრო ხშირად ადარებენ რეალობას და სურვილებს - რა აქვთ სინამდვილეში და როგორი უნდათ, რომ იყოს მათი ურთიერთობები. კაცები ასეთ განსხვავებებს ძირითადად ამჩნევენ და იმჩნევენ მხოლოდ სექსთან მიმართებაში. დანარჩენ ასპექტებში, ქორწინების ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგით კაცები თავს არ იწუხებენ.

კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი კომუნიკაციებში
და ოჯახური ურთიერთობების ექსპერტი, მიშელ გივერცი ამბობს: „რაც უფრო მყარად გვაქვს ტვინში გამჯდარი, როგორი უნდა იყოს იდეალური პარტნიორი და იდეალური ურთიერთობა, მით უფრო მტკივნეული იქნება რეალობასთან შეჯახება. ურთიერთობაში ორივე მხარე ირგებს როლებს და ერგება ერთმანეთს. ურთიერთობა სტატიკური, უძრავი იდეალი არაა. ურთიერთობა სულ სამუშაო პროცესია და სულ იცვლება.

ურთიერთობის დაწყება საკუთარი თარგებით და წინასწარ გაწერილი განვითარების სქემებით უკიდურესად დამთრგუნველია. ურთიერთობას ორი ადამიანი ქმნის. არცერთს შეუძლია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, როგორი უნდა იყოს ეს ურთიერთობა. და რაც უფრო მეტად შეეცდება ერთი, ასეთი გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღოს, მით უფრო უკმაყოფილო იქნება მეორე.

ზოგიერთები მთელ ცხოვრებას ხარჯავენ იმაზე, რომ არსებული ურთიერთობა საკუთარ იდეალს მიუსადაგონ, გადააკეთ-გადმოაკეთონ და გამოძერწონ მისგან ის, რაც თითონ უნდათ. ეს უადგილო და მცდარი მიდგომა რატომღაც გახშირდა. დოერტის თქმით კი
- „უმეტეს შემთხვევაში, თქვენი ფიქრი, რომ შეუფერებელ ადამიანზე იქორწინეთ, სინამდვილეში უნებლიე თავის მოტყუებაა.“

ზოგიერთი პარტნიორი მართლაც რომ შეუფერებელია
როდის უნდა თქვა: კმარა!

ხდება ისეც, რომ მართლაც შეუფერებელ პარტნიორს ვირჩევთ - ისეთს, ვისაც - სულ ერთია, რა მიზეზით - არ უნდა, ან უნარი არ შეწევს დაგვიკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნილებები. ზოგიერთები საერთოდ ვერავისთვის ივარგებენ პარტნიორად. პირველ რიგში, ამ ჯგუფში ხვდებიან ალკოჰოლზე ან ნებისმიერ ნარკოტიკზე დამოკიდებული პირები, მით უფრო, თუ ისინი არ ცნობენ პრობლემას და უარს ამბობენ სამედიცინო ან ფსიქოლოგიურ დახმარებაზე.

კენ პეიჯი განმარტავს: „ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული პირისთვის ურთიერთობა ვერასდროს იქნება ყველაზე მთავარი. პირველ რიგში ის საკუთარი სისუსტის ერთგული იქნება და არა თქვენი. აქტიური მომხმარებლები თანდათან „ბანძდებიან“, თავის თავს აღარ გვანან, კარგავენ საქციელს, ღირსებას და
რთულ სიტუაციაში ვეღარ იღებენ სწორ გადაწყვეტილებას. ეს კი ზუსტად ის თვისებებია, რომელსაც პარტნიორში უნდა ეყრდნობოდე.“ თავზეხელაღებულთა ჯგუფში ხვდებიან ასევე აზარტული მოთამაშეები. ოღონდ, აქ, ყველა სიკეთესთან ერთად, ამას ემატება დიდი ფულის მოგების აკვიატებული სურვილი. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი ყელამდე ვალებით მთავრდება, რაც, რასაკვირველია, ურთიერთობას ძირს უთხრის.

როგორც წესი, ასევე არასანდო კატეგორიაში ხვდებიან ისინი, ვინც წინა ურთიერთობებში ღალატობდნენ პარტნიორებს. ასეთი ქცევით ისინი თელავენ ურთიერთობის საძირკველს - ნდობას, სიახლოვეს და უსაფრთხოების განცდას. ადამიანი, რომელმაც ერთხელ უღალატა პარტნიორს და ფიქრობს, რომ მწარედ შეცდა, კიდევ შეიძლება გაამართლო; თუმცა, წარმოუდგენელია, გაგებით მოეკიდო იმას, ვინც წამდაუწუმ განზე დადის. დოერტის აზრით, ფიზიკურ ძალადობასა და სულშემხუთავ კონტროლთან ერთად, ღალატი ურთიერთობის გაწყვეტის საკმარისი მიზეზია. „ასეთი რამეების მოთმენა ცხოვრებაში საერთოდ არავის უნდა უწევდეს.“

სულ სხვა კატეგორიაში ხვდება ისეთი მიზეზები, როგორიცაა „ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ“, „ერთმანეთის მიმართ გავცივდით“, „შევიცვალეთ“, „ვეღარ ვეწყობით“.
აქ მიზეზები ორმხრივია, ორივეს ბრალია. ცხოვრება სულ ია-ვარდით მოფენილი ვერ იქნება. უპრობლემო წყვილი არ არსებობს. ჯობია, იმაზე იმუშაოთ, როგორ გამოასწოროთ ურთიერთობა.“

დოერტი დასძენს: „რომანტიკული ურთიერთობა შესაძლოა, გაწყდეს კიდეც შეუთავსებლობის გამო, თუმცა განქორწინების და ოჯახის ნგრევის ნამდვილ მიზეზად შეუთავსებლობა ვერ გამოდგება. როცა ამბობენ „ის ძალიან კარგი ადამიანია, უბრალოდ ჩვენ ვერ ვეწყობით ერთმანეთს“ - როგორც წესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივემ დააშავა რაღაც და ორივემ დაუშვა, რომ ურთიერთობა უკან-უკან წასულიყო. ასე, ცდილობენ ზრდილობიანად თქვან, რომ პარტნიორის ბრალი არაა.

ნამდვილი მიზეზი კი, დიდი ალბათობით, ის არის, რომ არცერთმა მიხედა ურთიერთობას. შეიძლება ერთ-ერთი პარტნიორი (ან ორივე), გადაყვა ბავშვ(ებ)ის
მოვლას ან თუნდაც სამსახურს. ისინი აღარ აკეთებდნენ იმას, რაც შეყვარებულობისას ასეთი თავისთავადია და რაც ყველა წყვილს ჰაერივით და წყალივით ჭირდება - დროის დათმობა, ლაპარაკი იმაზე, დღემ როგორ ჩაიარა, რაზე გეფიქრება, რა გადარდებს. ხდება ისეც, რომ სიყვარულს წყალი შეუდგა იმიტომ, რომ წყვილმა ვერა და ვერ ისწავლა კონფლიქტის ეფექტურად გადაჭრა ან განმუხტვა.

ბრედბერი ამბობს: „თუ იქამდე მიხვედი, რომ ულტიმატუმის წამოყენება გიწევს, ესე იგი ურთიერთობას არ მართავდი სწორად. ეს იგივეა, რომ შუა გზაში მანქანა გაგიჩერდეს და ამტკიცებდე, რომ ის „უბრალოდ გაფუჭდა“, მაშინ, როცა მთელი 10 წელია, ზეთი ერთხელაც არ გამოგიცვლია. ნებისმიერ ურთიერთობაში უმთავრესია ორივე პარტნიორის სურვილი და მზაობა, გაიხსნან ბოლომდე, წარდგნენ ერთმანეთის წინაშე მთელი სისუსტეებით, გულისყურით მოუსმინონ ერთმანეთს და იზრუნონ ერთმანეთზე - მხოლოდ ასე შეიძლება ადამიანები ერთმანეთისთვის შესაფერისები გახდნენ“.

მართალია, გარანტიები აქ არ არსებობს, მაინც შეიძლება ჩამოვთვალოთ რამდენიმე პიროვნული თვისება, რომელიც, როგორც წესი, ხელს უწყობს ან აფუჭებს ურთიერთობას. ხელსაყრელი თვისებებია: იუმორის გრძნობა, გაწონასწორებული ხასიათი, ნაკლზე თვალის დახუჭვის უნარი, თანაგრძნობა და ყურადღება პარტნიორის მიმართ და იმის მიმართ, რაც მისთვის ძვირფასია, ზრუნვის და სითბოს გამოხატვის უნარი. სამაგიეროდ, რთულად შესაგუებელია ქრონიკული ტყუილი, ქრონიკული უგუნებობა და ნერვიულობა, გადაჭარბებული ემოციურობა, ფეთქებადი ხასიათი და ბრაზიანობა, გულში ჩახვევა და დაბოღმვა, დაბალი თვითშეფასება, იმპულსურობა, აგრესიულობა, ეგოცენტრიზმი და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი. ამას გარდა, შესაძლოა, ურთიერთობაზე ცუდად აისახოს სხვადასხვა სიტუაციებიც, მაგალითად ერთ-ერთი პარტნიორის მუდმივად სტრესული სამუშაო ან მძიმე ნათესაური ურთიერთობები.

გარდა ამისა, არსებობს ხალხი, ვინც კონკრეტულად ჩვენ არ შეგვეფერება, იმიტომ, რომ საერთოდ არ ესმით რა გვამოძრავებს. მათთვის სრულიად უცხოა ჩვენი მიზნები და ღირებულებათა სისტემა. ყველაზე ხშირად, ცხოვრებისეული ფასეულობები აცდენილია ადრე დაქორწინებულ წყვილებში. ახალგაზრდებს არ ყოფნით ცხოვრებისეული გამოცდილება და ჯერ კიდევ არ უპოვიათ საკუთარი თავი. როგორც წესი, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი 20-25 წლამდე გრძელდება. ამ დროს ადამიანი ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ სტილს და ცხოვრებისეულ ორიენტირებს. აუცილებელია, ჯერ თავი შეიცნო - გაიგო, რა არის შენთვის მთავარი, რით გიძგერს გული, რისი გჯერა... თუმცა, სიმართლე ითქვას, ძალიან ხშირად, ამაზე უფროსებსაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.

ყველაზე ხშირად, შეუფერებელ პარტნიორს იმიტომ ვირჩევთ, რომ საკმარისად არ ვიცნობთ საკუთარ თავს და არ ვიცით, მართლა რა გვინდა ან გვჭირდება. ძალიან რთულია, ვინმემ გაგიგოს, მიგიღოს და გაიზიაროს შენი იდეალები, თუ შენ თითონ წარმოდგენა არ გაქვს რა გინდა, რა გწამს და რა გეძვირფასება. ძალიან რთულია, ვინმესთან რამე გამოგივიდეს, თუ ჯერ კიდევ გაკლია თავდაჯერებულობა, რომ თამამად გაუზიარო შენი შინაგანი სამყარო სხვას.

კარლა პროფესიით იურისტია. ცოლად გაყვა შეფ-მზარეულს. „ძალიან მომწონდა მისი ხასიათი, გულიანობა, როგორ ვუგებდით ერთმანეთს. ის საყვარელი იყო, მხიარული, ძალიან კარგად მექცეოდა და ერთმანეთს ძალიან კარგად ვეწყობოდით“. თუმცა, დროსთან ერთად, სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ძალიან განსხვავდებოდნენ ინტელექტუალურ დონეზე. „ის ვერ მომყვებოდა ლოგიკურ ანალიზში, არ ესმოდა ჩემი არგუმენტაცია კამათის ან მსჯელობის დროს ან უცებ, აღმოვაჩენდი, რომ რაღაცეები გაცილებით ცუდად იცის, ვიდრე მეგონა, ან არასწორად გამოიყენებდა ან გამოთქვამდა რამე სიტყვას. არაფერი საგანგაშო, უბრალოდ, პატარ-პატარა შეცდომებს უშვებდა.“

თუმცა, კარლა გამოგვიტყდა, რომ ამის გამო, ნელ-ნელა ქმრის მიმართ პატივისცემა დაკარგა. „წარმოდგენა არ მქონდა, ჩემთვის ამდენად მნიშვნელოვანი თუ იყო, რომ ქმრის ინტელექტს პატივს ვცემდე. მგონი, არასაკმარისად ვიცნობდი თავს და არ ვიცოდი, რამდენად მჭირდება ინტელექტუალური სტიმულაცია. რაც ყველაზე ცუდია, არ მეგონა, თუ ეს ფაქტორი პატივისცემაზე იმოქმედებდა.“

დროა, გავიზარდოთ
იმედგაცრუებამ შეიძლება გიბიძგოთ, ერთმანეთი ხელახლა აღმოაჩინოთ

ვიცით, რომ ცხოვრებაში შვილებიც და სამსახურიც მხოლოდ ბედნიერების და სიამოვნების მომტანი ვერ იქნება. ასევეა ქორწინებაც. არავინ უყვართ სრულყოფილად. ჩვენი პიროვნების რაღაც ნაწილი პარტნიორის ყურადღების მიღმა დარჩება. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, გულს რიდე ჩამოვაფაროთ, თუმცა ეს არ არის ერთადერთი და, მით უმეტეს, საუკეთესო გამოსავალი.

გივერცის თქმით, „ხანდახან ქორწინება ტკივილის და მწუხარების მიზეზი იქნება და ეს აუცილებელიც კია, რომ პიროვნულად გაიზარდოთ და ურთიერთობა წინ წავიდეს. შეუძლებელია, ქორწინებაში სულ არანორმალურად ბედნიერი იყო, მით უმეტეს, თუ ცხოვრებაში რამე რთულს შეეჭიდები - ბავშვების აღზრდას, საკუთარ ბიზნესს ან ასაკოვანი მშობლის მოვლას.

იმედგაცრუება გვიბიძგებს გავიზარდოთ, იმიტომ, რომ იძულებული ვხდებით თვალი ვუსწოროთ საკუთარ მოთხოვნილებებს. პეიჯის თქმით, საკუთარი თავის შეცნობას, მოთხოვნილებების აღიარებას ჯერ საკუთარ თავთან და მერე პარტნიორამდე სწორად მიტანას დიდი გამბედაობა უნდა. ძალიან ხშირად, არ ვამბობთ, რა გვჭირდება, იმიტომ, რომ უმეტესწილად, ეს ეხება ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ და სათუთ თემებს.

„უნდა აღმოვაჩინოთ, შემდეგ კი გავბედოთ და ვთქვათ, რა ზემოქმედებს ჩვენზე, რა გვიძრავს სულს, გვიჩუყებს გულს და გვამოძრავებს ყველაზე მეტად. ოღონდ, ჯერ, ეს „რაღაც“ უნდა ვაღიაროთ საკუთარ თავთან. ამის ვაჟკაცობა ძალიან ცოტას ყოფნის და კიდევ უფრო ცოტას აქვს უნარი, ეს შინაგანი ცეცხლი გარეთ გამოიტანოს. სულის გაშიშვლების გარეშე კი ვნება და სიყვარული წარმოუდგენელია. თუმცა გაბედვა და ნაბიჯის გადადგმა ძნელია. როგორც წესი, გვირჩევნია ვიწუწუნოთ. და მაინც, მთელი ცხოვრება, სწორედ ამ თვით-აღმოჩენის პროცესში ვუგებთ ყველაზე უკეთ საკუთარ თავს.

ამავდროულად, გარისკო და შენს შიდა სამყაროში ჩაახედო პარტნიორი, თურმე, არაჩვეულებრივი შანსია, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ერთმანეთს და გაამყაროთ კავშირი. ეს ურთიერთობების უდიდესი ძალაა: ერთი მხრივ, სიახლოვის განცდა ყოვლად აუცილებელია, რომ სრულფასოვან, დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოვყალიბდეთ. მეორე მხრივ კი, რაც უფრო დამოუკიდებელი და რეალიზებული ვხდებით, მით უფრო ახლო, წრფელი და ძლიერი კავშირი შეგვიძლია გვქონდეს. ზუსტად ეს არის, რაც შესაფერის პარტნიორად გვაქცევს.

გივერცის თქმით, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ბიძგი ურთიერთობაში ზრდისთვის არის მოტივაციის შეცვლა - აქცენტის გადატანა საკუთარი ინტერესებიდან საერთო ინტერესებზე - არა „მე რა მირჩევნია ამ წუთას“, არამედ „სამომავლოდ როგორ ჯობია ჩვენი ურთიერთობისთვის“. წყვილში ხდება ღრმა, ფსიქოლოგიური ცვლილებები, რომელიც ხანგრძლივ ურთიერთობებს ასულდგმულებს. აქ მიმდინარეობს პროცესები, რომლის დროსაც თანდათან იცვლება რეაქციის შაბლონები. ადაპტაცია, დათმობა, სურვილი და უნარი ენას კბილი დააჭირო და პროვოკაციას არ აყვე, რაც უნდა ენის წვერზე გეკიდოს მწარე პასუხი და გინდოდეს გულის მოფხანა. ამისათვის, ყოველ წუთას თვალწინ უნდა გედგას ურთიერთობის მთავარი მიზანი. როცა მოტივაცია ხდება
არა საკუთარ თავზე არამედ, ურთიერთობაზე ორიენტირებული, პარტნიორები ნაკლებად ყვებიან წუთიერ ემოციებს და აღარ წამოისვრიან რაღაცეებს ცხელ გულზე. ამის ნაცვლად, ისინი მეტად უფიქრდებიან, სანამ რამეს იტყოდნენ ან მოიმოქმედებდნენ.

ურთიერთობების შესახებ ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, ბრედბერი ათი წლის განმავლობაში აკვირდებოდა 136 წყვილს. დაკვირვებას იწყებდა ქორწინებიდან ექვსი თვის თავზე. თავიდან და ოთხი წლის თავზე, ყველა წყვილს აღენიშნებოდა კმაყოფილების მაღალი დონე. თუმცა, ბრედბერი და მისი კოლეგა, ჯასტინ ლავნერი, ძალიან გააოცა იმ ფაქტმა, რომ ზოგიერთი ასეთი წყვილი ბოლოს მაინც გაშორდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ურთიერთობაში არ იყო არცერთი ხელისშემშლელი რისკ-ფაქტორი, როგორიცაა - ყოყმანი ქორწინებაზე, რთულად შესაგუებელი ხასიათი, სტრესის მაღალი დონე.

ერთადერთი, რაც გაყრილ წყვილებს საერთო აღმოაჩნდათ - საერთო პრობლემების გარჩევისას პარტნიორები უარყოფითად რეაგირებდნენ და გადადიოდნენ თავდაცვაზე. პირადი საკითხების განხილვისას კი პარტნიორების რეაქცია ერთმანეთის მიმართ იყო უხეში და თანაგრძნობას და მხარდაჭერას მოკლებული. ჟურნალში „ოჯახური ფსიქოლოგია“ დაკვირვების ავტორები მოგვახსენებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პარტნიორებიც მთლიანობაში დადებითად აფასებდნენ კავშირის სიძლიერეს, ცუდ ფინალს მოასწავებდა ბრაზიანი აფეთქება, უპატივცემულობა, პარტნიორის დაკნინების ან დადანაშაულების მცდელობა. ასევე ცუდის ნიშანი იყო, თუ ერთი პარტნიორი გამოთქვამდა სურვილს, საკუთარ თავში რამე შეეცვლა, ხოლო მეორე - სკეპტიკურად განეწყობოდა და ეცდებოდა ამ ენთუზიაზმის ჩახშობას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ წყვილს არ უნდა ან არ შეუძლია მოთოკოს წამიერი უარყოფითი ემოციები, ისპობა შანსი, რომ პირადი მოტივაცია გაცდეს ეგოს საზღვრებს და გარდაიქმნას რაღაც უფრო დიაскачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 568